საწევროს ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები და გადახდის წესი
- საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაციის (შემდგომ “ასოციაცია”) ყველა წევრი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო შენატანი წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესით.
- საწევრო შენატანის ოდენობა: საწევრო შენატანის ოდენობა განისაზღვრება წევრის წლიური შემოსავლის მიხედვით და იყოფა ხუთ კატეგორიად:
კატეგორია | წლიური შემოსავალი (ლარი) | ყოველთვიური საწევროს ოდენობა |
1 | < 500 000 ლარი | 50 ლარი |
2 | 500 000 – 1 000 000 ლარი | 100 ლარი |
3 | 1 000 000 – 3 000 000 ლარი | 150 ლარი |
4 | 3 000 000 < | 200 ლარი |
- ფინანსური წელი განისაზღვრება შემდეგი პერიოდით: კალენდარული წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
- არაუგვიანეს ყოველი წლის 10 მარტისა, ორგანიზაციის ყველა წევრი ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს წარუდგენს გასული ფინანსური წლის მიხედვით არსებულ ინფორმაციას წლიური შემოსავლის შესახებ.
- მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აღმასრულებელი დირექტორი არაუგვიანეს ყოველი წლის 31 მარტისა, თითოეული წევრის მიმართ გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც დგინდება ამ წევრის საწევრო შენატანის ოდენობა ყოველი წლის 01 აპრილიდან შემდეგი წლის 31 მარტამდე.
- წევრი პასუხისმგებელია ასოციაციისთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე. ასოციაცია თავის მხრივ იღებს პასუხისმგებლობას, რომ დაიცავს კონფიდენციალობას და არ გაუმჟღავნებს მიღებულ მონაცემებს მესამე პირებს.
- საწევროს გადახდა ხდება ყოველ კვარტლურად [3 თვე].
- თუ რომელიმე წევრის გაწევრიანების თარიღიდან გამომდინარე სახეზეა არასრული თვე [მაგალითად, გაწევრიანდა კალენდარული თვის შუა რიცხვებში] მის მიერ შესაბამის კვარტალში გადასახდელი საწევრო შემცირდება პროპორციულად.
- ყოველი კვარტლის ბოლოს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამზადებს ინვოისს და უგზავნის წევრს.
- ასოციაციის წევრი ვალდებულია ინვოისის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს საწევრო.
- ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უგზავნის წევრს შეხსენებას. თუ წევრი კვლავ არ გადაიხდის საწევროს, მიიჩნევა, რომ საწევროს გადახდის ვადა დარღვეულია.
- თუ წევრი გადააცილებს საწევროს შეტანის ვადას ზედიზედ ორჯერ, ამის შესახებ აღმასრულებელი დირექტორი აცნობებს გამგეობის თავმჯდომარეს და ამ უკანასკნელის მიერ ბრძანებით ხდება წევრისათვის სტატუსის შეჩერება 1 თვის ვადით.