ღია წერილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს

საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია, რომელიც საგამომცემლო სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს, შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სასკოლო განათლების სისტემაში ე.წ. „ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის“ დანერგვას ითვალისწინებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბის ცვლილების შეფასებისას ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, განათლების უფლება და ის ღირებულებები, რომლებზეც დემოკრატიული განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული.

 საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ყველას ანიჭებს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას. ამასთან, კონსტიტუციით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების, აზრისა და ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება. ეს უფლებები სახელმწიფოს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აკისრებს: უზრუნველყოს არა მხოლოდ განათლებაზე თანაბარი წვდომა, არამედ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებელ აზროვნებას, კრიტიკულ მსჯელობასა და პიროვნების თავისუფალ განვითარებას.

იგივე პრინციპს ეფუძნება ბავშვის უფლებათა საერთაშორისო სამართალი. ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს მისი პიროვნების, ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებისკენ, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის ჩამოყალიბებისა და თავისუფალ საზოგადოებაში პასუხისმგებლიანი ცხოვრებისათვის მომზადებისკენ. შესაბამისად, განათლების ხარისხი მხოლოდ ინფორმაციის ერთიანი სტანდარტით მიწოდებით არ უნდა განისაზღვროს. მნიშვნელოვანია, რამდენად აძლევს განათლების სისტემა მოსწავლეს შესაძლებლობას, დასვას კითხვები, გააანალიზოს განსხვავებული ხედვები და დამოუკიდებელი დასკვნები გააკეთოს.

სახელმწიფოს მიერ საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და მიწოდებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინსტიტუციური გარანტიების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფს შინაარსობრივ მრავალფეროვნებასა და დამოუკიდებელ პროფესიულ შეფასებას. ყველა ბავშვისთვის ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. თუმცა, თანაბარი ხელმისაწვდომობა და ერთიანი სახელმძღვანელო ერთი და იგივე არ არის.

ამ კონტექსტში ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული “რეფორმა“ არსებითად უარყოფით გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე, სასწავლო რესურსების მრავალფეროვნებაზე, სკოლისა და პედაგოგის პროფესიულ ავტონომიაზე, აკადემიურ თავისუფლებასა და საქართველოს საგამომცემლო სექტორის მდგრადობაზე. ამასთან, ნებისმიერი ცვლილება განათლების სისტემაში უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, ფართო პროფესიულ კონსულტაციებსა და გამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა წინასწარ შეაფასონ ის შესაძლო შედეგები და რისკები, რომლებიც აღნიშნულმა ცვლილებამ შეიძლება მოიტანოს. გვსურს, მკაფიოდ განგიმარტოთ ის საფრთხეები რასაც ეს გადაწყვეტილება მოუტანს განათლების სისტემასა და საზოგადოებას:

  • აკადემიური და ინტელექტუალური მრავალფეროვნების შეზღუდვა – სახელმძღვანელო ცოდნის, კვლევისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო მიდგომის მოსწავლემდე მიტანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში სხვადასხვა ავტორის, მეცნიერის, პედაგოგისა და გამომცემლის მონაწილეობის შესაძლებლობა ხელს უწყობს განათლების რესურსების მრავალფეროვნებასა და ხარისხის გაუმჯობესებას. ერთი სახელმძღვანელოს მოდელი მნიშვნელოვნად ამცირებს ასეთი მრავალფეროვნებისა და პროფესიული კონკურენციის შესაძლებლობას.
  • მასწავლებლის პროფესიული ავტონომიის შეზღუდვა – ხარისხიანი განათლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია და შესაძლებლობა სწავლების პროცესში გაითვალისწინოს მოსწავლის ასაკი, საჭიროებები, ცოდნის დონე და კონკრეტული სასწავლო გარემო. მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს გამოყენების სავალდებულო მოდელი მნიშვნელოვნად ამცირებს მასწავლებლის არჩევანის შესაძლებლობას და აფერხებს სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომების განვითარებას.
  • შინაარსის დამოუკიდებლობა, პლურალიზმი და პოლიტიკური გავლენის რისკი – როდესაც კონკრეტულ საგანში სასწავლო რესურსის შექმნისა და შერჩევის შესაძლებლობა არსებითად კონცენტრირდება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, იზრდება შინაარსის ერთგვაროვნებისა და არასათანადო გავლენების რისკი.
  • დემოკრატიული ინსტიტუტები სწორედ იმისთვის უნდა იყოს მოწყობილი, რომ საგანმანათლებლო შინაარსის ხარისხი და დამოუკიდებლობა არ იყოს ზედმეტად დამოკიდებული ხელისუფლების კონკრეტული შემადგენლობის შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებზე. სწორედ ამიტომ, სახელმძღვანელოების შექმნისა და დამტკიცების პროცესში მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტების, აკადემიური წრეების, მასწავლებლებისა და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების მონაწილეობა. ამასთან, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმების არსებობა.
  • კონკურენციისა და ხარისხის შემცირება – საგანმანათლებლო რესურსების სფეროში პროფესიული და შემოქმედებითი კონკურენცია ხელს უწყობს ახალი მეთოდოლოგიების, თანამედროვე სასწავლო მასალებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული განათლების, STEM-ისა და თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში. ისეთი სისტემა, რომელიც ერთ ძირითად რესურსზეა დამოკიდებული ნაკლებად მოქნილია ახალი ცოდნისა და სწავლების მეთოდების სწრაფად ასათვისებლად.
  • ცენტრალიზაციის და გამჭვირვალობის რისკები – სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემის ცენტრალიზებულად, სახელმწიფო შესყიდვების გზით განხორციელებამ შესაძლოა გაართულოს და გაახანგრძლივოს პროცესი, გაზარდოს ბიუროკრატიული შეფერხებები და სისტემური ხარვეზების რისკი და შეამციროს პროცესის გამჭვირვალობა. შესაბამისად, აუცილებელია პროცესის ღიაობა, მკაფიო კრიტერიუმები და საზოგადოებრივი ზედამხედველობა
  • საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა – საქართველოს განათლების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეებისთვის ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებას, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, კონკურენტუნარიანად ჩაერთონ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომის ბაზრებში. თანამედროვე და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების არსებობა ამ მიზნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რასაც ვერ უზრუნველყოფს ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი.
  • საგამომცემლო სექტორზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა – სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა და გავრცელება ქმნის სამუშაოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ავტორებისთვის, რედაქტორებისთვის, მთარგმნელებისთვის, დიზაინერებისთვის, ილუსტრატორებისთვის და სხვა პროფესიონალებისთვის. სახელმწიფოს მიერ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის ცენტრალიზაცია მკვეთრად ამცირებს კერძო გამომცემლობებისა და დაკავშირებული პროფესიული ჯგუფების საქმიანობის შესაძლებლობებს, რაც საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს, პროფესიული ცოდნის შენარჩუნებასა და მთლიანად ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის მდგრად განვითარებას.

ძლიერი და მრავალფეროვანი საგამომცემლო სექტორი წარმოადგენს ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული ეკოსისტემის ნაწილს. მისი განვითარება ხელს უწყობს ახალი ავტორების, რედაქტორების, მთარგმნელებისა და საგანმანათლებლო ინოვაციების გაჩენას და საბოლოოდ თავად განათლების სისტემის გაძლიერებას. საქართველოს წიგნის ინსდუსტრიის ასოციაცია მიიჩნევს, რომ „ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის“ დანერგვა არის მნიშვნელოვანი უკუსვლა, რომელიც პირდაპირ შეეხება განათლების ხარისხს, აკადემიურ თავისუფლებასა და საქართველოს საგამომცემლო სექტორის მომავალს.  

განათლების სისტემის უპირველესი მიზანი უნდა იყოს ბავშვის განათლების უფლებისა და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვა, ხოლო მისი მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების, განათლებისა და ინფორმაციის მიღების თავისუფლების პრინციპებს. დემოკრატიული განათლება უნდა უზრუნველყოფდეს თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგბლიანი მოქალაქეების აღზრდას.