01

თბილისის წიგნის ბაზრობა

პროექტის შესახებ

თბილისის წიგნის ბაზრობა საქართველოს წიგნის ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი პროექტია და საქართველოში წიგნისა და ლიტერატურის სფეროში მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიებაა. ის ქმნის სივრცეს, სადაც ერთმანეთს ხვდებიან გამომცემლები, წიგნის მაღაზიები, ავტორები, მთარგმნელები, მკითხველები და წიგნის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები.

წლების განმავლობაში ბაზრობის ფორმატი მნიშვნელოვნად განვითარდა და დღეს ის წარმოადგენს არა მხოლოდ წიგნების გამოფენა-გაყიდვის სივრცეს, არამედ მრავალფეროვან კულტურულ და საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ლიტერატურის პოპულარიზაციას, პროფესიული კავშირების გაძლიერებას და წიგნის ინდუსტრიის განვითარებას.

ღონისძიებაში ყოველწლიურად მონაწილეობენ როგორც მსხვილი საგამომცემლო სახლები, ისე დამოუკიდებელი გამომცემლები, წიგნის მაღაზიები და დისტრიბუტორები, რომლებიც სტუმრებს ქართული და უცხოური ლიტერატურის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ.

ბაზრობის პროგრამა მოიცავს ავტორებთან შეხვედრებს, ახალი გამოცემების პრეზენტაციებს, ლიტერატურულ დისკუსიებს, პროფესიულ შეხვედრებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, საბავშვო და შემოქმედებით აქტივობებს.

თბილისის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად იზიდავს ათიათასობით ვიზიტორს და წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას, რომელიც აერთიანებს წიგნის მოყვარულებს, სფეროს პროფესიონალებსა და ლიტერატურის წარმომადგენლებს.

თბილისის წიგნის ბაზრობის მიზანია:

  • წიგნისა და კითხვის კულტურის პოპულარიზაცია;
  • ქართული საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა და განვითარება;
  • მკითხველებსა და ავტორებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა;
  • ახალი გამოცემებისა და თანამედროვე ლიტერატურის წარმოჩენა;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ლიტერატურული კავშირების გაძლიერება.

დღეს თბილისის წიგნის ბაზრობა ქართული წიგნის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნისა და იდეების გაცვლას, ახალი ლიტერატურული ინიციატივების განვითარებას და წიგნის როლის გაძლიერებას საზოგადოებაში.

02

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

პროექტის შესახებ

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი საერთაშორისო წიგნის ბაზრობაა, რომელიც ყოველწლიურად, როგორც წესი, ოქტომბერში, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში იმართება.  

ღონისძიებას საუკუნეების ისტორიას აერთიანებს და დღეს წარმოადგენს წიგნის ინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმას, სადაც თავს იყრიან გამომცემლები, ავტორები, ლიტერატურული აგენტები, მთარგმნელები, წიგნის დისტრიბუტორები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მედიის პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარი მიზანია საერთაშორისო საგამომცემლო თანამშრომლობის ხელშეწყობა, წიგნებითა და საავტორო უფლებებით ვაჭრობის განვითარება, სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურის პოპულარიზაცია და წიგნის ინდუსტრიის პროფესიონალებს შორის ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება ბაზრობა წარმოადგენს მნიშვნელოვან სივრცეს ახალი გამოცემების წარდგენისთვის, საავტორო უფლებების გაცვლისთვის, თარგმანების ხელშეწყობისა და ლიტერატურული კავშირების გაძლიერებისთვის. 

საქართველოს წიგნის ასოციაცია და მისი წევრი ორგანიზაციები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში ტრადიციულად ყოველწლიურად მონაწილეობენ. 

საქართველოს კოლექტიური სტენდის ფარგლებში ქართული გამომცემლობები საერთაშორისო აუდიტორიას აცნობენ ადგილობრივ საგამომცემლო სექტორს, ქართულ ლიტერატურას, თანამედროვე ავტორებს, თარგმანებსა და ახალ გამოცემებს.

ფრანკფურტში მონაწილეობა საქართველოს წიგნის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებისთვის, უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურულ აგენტებთან და სხვა პროფესიულ ქსელებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მონაწილეობა ასევე ხელს უწყობს ქართული წიგნების უცხო ენებზე თარგმნისა და საერთაშორისო გავრცელების შესაძლებლობების ზრდას.

03

წიგნის ბაზრობები საქართველოს რეგიონებში

პროექტის შესახებ

საქართველოს წიგნის ასოციაცია პერიოდულად მართავს წიგნის ბაზრობებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლის მიზანია წიგნისა და კითხვის კულტურის პოპულარიზაცია, წიგნების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ადგილობრივ საზოგადოებებში ლიტერატურული პროცესების მხარდაჭერა. 

რეგიონული წიგნის ბაზრობები ქმნის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე მკითხველი უშუალოდ გაეცნონ თანამედროვე ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, შეხვდნენ გამომცემლებსა და წიგნის სფეროს წარმომადგენლებს და მიიღონ მონაწილეობა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში. 

ბაზრობების ფარგლებში იმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის გამოცემები, ასევე ტარდება ავტორებთან შეხვედრები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, ლიტერატურული ღონისძიებები, დისკუსიები, საბავშვო ვორქშოპები და შემოქმედებითი აქტივობები. 

რეგიონებში წიგნის ბაზრობების ორგანიზებით საქართველოს წიგნის ასოციაცია ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მკითხველების დაახლოებას, მხარს უჭერს ადგილობრივი კულტურული სივრცეების განვითარებას და ქმნის შესაძლებლობას, რომ წიგნი და ლიტერატურული გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

04

ევროპელ ავტორთა დღე

პროექტის შესახებ

ევროპელ ავტორთა დღე 2023 წელს ევროკომისიის ინიციატივით დაარსდა და მიზნად ევროპული ლიტერატურისა და კითხვის კულტურის პოპულარიზაციას, ასევე ავტორებსა და მკითხველებს შორის პირდაპირი კავშირის გაძლიერებას ისახავს. 

ინიციატივა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვებსა და ახალგაზრდებს და მათ ევროპული ლიტერატურის მრავალფეროვნების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. 

2025 წლიდან ინიციატივა #ReadForReal სლოგანის ქვეშ ხორციელდება და სხვადასხვა ქვეყნის სკოლებს, ბიბლიოთეკებს, წიგნის მაღაზიებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, ავტორებსა და მკითხველებს აერთიანებს. მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ადგილობრივი მონაწილეების აქტიური ჩართულობა — თითოეულ ქვეყანასა და ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს, საკუთარი კონტექსტისა და აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად შექმნას ღონისძიებების პროგრამა. 

საქართველო, საქართველოს წიგნის ასოციაციის ძალისხმევით, ინიციატივას 2025 წელს შეუერთდა და პროექტის ერთ-ერთ ეროვნულ ჰაბს წარმოადგენს. ევროპელ ავტორთა დღის ფარგლებში ღონისძიებები – მათ შორის საქართველოში – ყოველწლიურად ნოემბერ-დეკემბრის თვეში ტარდება.

05

წიგნების ავტორიზებული გავრცელების შესახებ დეკლარაცია

პროექტის შესახებ

საქართველოს წიგნის ასოციაციამ წიგნების ავტორიზებული გავრცელების შესახებ დეკლარაცია შეიმუშავა, რომელსაც ხელი ასოციაციის წევრმა გამომცემელმა და წიგნის გამავრცელებლებმა მოაწერეს. 

დეკლარაციის მთავარი მიზანია წიგნის ბაზრის დაცვა კონტრაფაქციული პროდუქციისგან, საავტორო უფლებების პატივისცემის ხელშეწყობა და მკითხველისთვის ხარისხიანი, ლიცენზირებული და სანდო გამოცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.  

დოკუმენტი წარმოადგენს წიგნის ინდუსტრიის წარმომადგენლების საერთო პასუხისმგებლობის გამოხატულებას და ხელს უწყობს გამჭვირვალე, სამართლიანი და მდგრადი საგამომცემლო გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოში.  

2026 წლის სექტემბრიდან საქართველოს წიგნის ასოციაციამ დაიწყო „ავტორიზებული გამავრცელებლების“ ერთიანი რეესტრის შექმნაც, რომელიც ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება. რეესტრი მკითხველებს დაეხმარება, მარტივად ამოიცნონ სანდო გამავრცელებლები და შეიძინონ ლეგალურად გამოცემული წიგნები. 

დეკლარაციის სრული ტექსტი იხილეთ აქ…