წიგნისა და სამოქალაქო ჩართულობის დღეები თელავში – წიგნის სამოქალაქო ფესტივალი

2025 წლის 13 დეკემბერს, თელავში, IT Academy Step Telavi-ის სივრცეში, წიგნის სამოქალაქო ფესტივალი გაიმართა, რომელმაც წიგნის მოყვარულებს, გამომცემლებს, ავტორებსა და სხვადასხვა თაობის მკითხველებს ერთ სივრცეში შეხვედრის შესაძლებლობა მისცა.

ფესტივალი ჩატარდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის“ ფარგლებში. ღონისძიებამ უმასპინძლა საქართველოს წიგნის ასოციაციის წევრ გამომცემლობებს, ქართველ მწერლებსა და მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამას.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ასოციაციის წევრი გამომცემლობების მიერ გამოცემული წიგნები, შეხვედროდნენ ავტორებს და მონაწილეობა მიეღოთ ლიტერატურულ დისკუსიებში, წიგნების განხილვებსა და სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვებისთვის განკუთვნილ აქტივობებს – საბავშვო ვორქშოპებმა და შემოქმედებითმა შეხვედრებმა პატარა მკითხველებს წიგნის სამყაროსთან დაახლოებისა და საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა მისცა.

ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს წიგნის ასოციაციის 14 წევრმა გამომცემლობამ მიიღო. ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა 6 ღონისძიება და 2 საბავშვო ვორქშოპი, რომლებმაც თელავში წიგნის კულტურისა და სამოქალაქო დიალოგის განვითარებას შეუწყო ხელი.

თელავის წიგნის სამოქალაქო ფესტივალი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და რეგიონებში კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების განვითარების მიმართულებით.