წიგნის დღესასწაული გორში – რეგიონული წიგნის ბაზრობამ მკითხველები გააერთიანა

26 ივლისს, საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებითა და გორის ხელოვნების სახლის მხარდაჭერით, გორში წიგნის ბაზრობა გაიმართა. ღონისძიებამ მკითხველებს, გამომცემლებსა და ლიტერატურის მოყვარულებს ერთ სივრცეში შეხვედრისა და წიგნის სამყაროს გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
რეგიონულ წიგნის ბაზრობაში ასოციაციის 14 წევრმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის წიგნების ფართო არჩევანი, რამაც სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ახალ გამოცემებს, შეეძინათ სასურველი წიგნები და უშუალოდ შეხვედროდნენ გამომცემლობების წარმომადგენლებს.
წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ბაზრობის პროგრამა მოიცავდა მრავალფეროვან ლიტერატურულ ღონისძიებებსა და საბავშვო აქტივობებს. სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართა შემეცნებითი და შემოქმედებითი ვორქშოპები, რომლებიც წიგნთან, კითხვასთან და შემოქმედებით პროცესთან დაახლოებას ემსახურებოდა.