„ქალები თავისუფლებისთვის“ – ახალგაზრდების ხმა ლიტერატურისა and თანასწორობის მხარდასაჭერად

თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, ბლოგების კონკურსი – „ქალები თავისუფლებისთვის“ გაიმართა. კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდების შემოქმედებითი ჩართულობის ხელშეწყობა და იმ ქალების ისტორიის წარმოჩენა, რომლებმაც ლიტერატურისა თუ საზოგადოებრივი საქმიანობის საშუალებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავისუფლების, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების იდეების გაძლიერებაში.
კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ 300-350 სიტყვამდე მოცულობის ბლოგი ქართველი ან უცხოელი ქალი მწერლის, მწერლების ან წიგნის პერსონაჟის შესახებ – იმ ადამიანებისა და მხატვრული სახეების შესახებ, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს პიროვნული, საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი თავისუფლების განვითარებაზე.
ინიციატივამ ახალგაზრდებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. შედეგად კონკურსში 46 ახალგაზრდა ჩაერთო. სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ მარიამ კიკაჩეიშვილი, ანა კიასაშვილი, ია გელიტაშვილი და თეონა დალაქიშვილი, მონაწილეთა ნამუშევრები შეაფასა და ოთხი გამარჯვებული გამოავლინა.
გამარჯვებულები 16 ნოემბერს, „ექსპო ჯორჯიაში“, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში დაჯილდოვდნენ. მათ საქართველოს წიგნის ასოციაციის წევრი გამომცემლობებისა და წიგნის მაღაზიების მიერ მომზადებული წიგნები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
კონკურსმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა წიგნისა და ლიტერატურის ძალა – შთააგონოს ახალგაზრდები, გაიაზრონ თავისუფლების მნიშვნელობა და აღმოაჩინონ ის ქალების ისტორიები, რომლებმაც საკუთარი სიტყვით, შემოქმედებითა და საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საზოგადოებაში.